ბოლნისში ფესტივალი ,,არტ-გენი“ გაიმართა

29/06/2016

“დავუბრუნდეთ სოფელს”,- ეს იყო 2016 წლის ფესტივალის სლოგანი, რომელმაც ბოლნისში ქვემო ქართლის რეგიონში მოღვაწე ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლები და სახალხო მთქმელები გააერთიანა. ,,არტ-გენი“ ქ.ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა. კულტურული ღონისძიებების პარალელურად წარმოდგენილი იყო რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, ასევე სპორტული აქტივობები, ყვავილებისა და ღვინის ფესტივალი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო ხელოვნებით გამორჩეულმა მებრძოლებმა “შავფაროსნებმა”. ფესტივალი ბოლნისში ჯგუფების “რეგიონი”-სა და “ფრანი”-ს დასკვნითი კონცერტით დასრულდა.
ფესტივალ ,,არტ-გენს“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული სტუმრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ.
ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და შენახვა მომავალი თაობებისთვის. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები და წარმოდგენები საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე ტარდება ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. ჩვეულებრივ ფესტივალი იწყება საქართველოს რეგიონებიდან და ტრადიციულად იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ფესტივალი ,,არტ-გენი” დაფუძნდა 2004 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. დღეს ის წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ღონისძიებას, რომელსაც საშუალოდ 40-50 ათასი ადამიანი ესწრება.
,,მიმაჩნია, რომ ,,არტ-გენი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პროექტი, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს და საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში. ვთვლი, რომ ეს არის მუნიციპალიტეტში მოქმედი კოლექტივების თავის წარმოჩენის საშუალება და გარდა ამისა, ჩვენს საზოგადოებას აქვს ერთ დღეს საკმაოდ სასიამოვნო გარემოში გაერთოს, დაისვენოს, ერთმანეთს თავისი ემოციები გაუზიაროს და ჩვენ ვეცდებით, რომ მსგავსი ინიციატივებით ჩვენი ბოლნისი გავახაროთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0