23 ოქტომბერს ბოლნისში გერმანელი მიგრანტების ხსოვნის დღე ტრადიციულად აღინიშნა. სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარემ ოლივერ რაისნერმა ბოლნისის ისტორიულ უბანში ექსკურსიამძღოლობა იტვირთა და საქართველოში გერმანიის ახლად დანიშნულ ელჩს ჰაიკე ფაიჩს დღემდე შემორჩენილი გოთური არქიტექტურით ნაშენი სახლები და სარდაფები დაათვალიერებინა. ექსკურისიის შემდეგ ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსმა ჰანს-იოახიმ კიდერლენმა საზეიმო წირვა აღავლინა , რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. 23 ოქტომბერი 199 წლის წინ გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლის დღეს დაემთხვა. ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარმა ქადაგებისას შვაბების მიერ საქართველომდე განვლილი გზა გაიხსენა და აღნიშნა, რომ გერმანელმა კოლონისტებმა საქართველოს უდიდესი კულტურა და ისტორია დაუტოვეს. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა გერმანელი მიგრანტების ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიებები კულტურის სახლში გაგრძელდა, სადაც გამოფენილი სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წევრის , არქიტექტორ ნესთან თათარაშვილის მიერ მომზადებული ფოტო გამოფენა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვთ მიმართა გერმანიის ელჩმა და გერმანულ-ქართული ისტორიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოში გერმანელი კოლონისტების მიგრაციიდან 199-ე წლისთავი კულტურული ღონისძიებით დასრულდა. კონცერტში მონაწილეობას ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი ,,ბოლნელა“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თამარიონი“, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის გუნდი ,,გლორია“ და აკორდეონისტი რობერტ მერაბოვი იღებდნენ. 2017 წელი გერმანელი მიგრანტების ჩამოსახლების საიუბილეო წელია. ზუსტად 1 წლის შემდეგ, ბოლნისში კოლონისტების მიგრაციიდან 200 წლისთავის გრანდიოზულად აღნიშვნა იგეგმება.
ბოლნისში გერმანელი მიგრანტების ხსოვნის დღე ტრადიციულად აღინიშნა
24/10/2016