ბოლნისმა დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

28/11/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ სხვადასხვა არქივში დაცული მასალები. ისტორიკოსებმა ირაკლი ხვადაგიანმა და დავით ლოსაბერიძემ დამსწრე საზოგადოებას პირველი რესპუბლიკის შესახებ მცირე ლექციები წაუკითხეს. ღონისძიებაზე ასევე დოკუმენტური ფილმის „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება მოეწყო.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რომელმაც პირველი რესპუბლიკის პერიოდში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშნელობაზე ისაუბრა. მერმა ხაზი გაუსვა იმ ღირებულებებს, რომლებიც 1918-21 წლების რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა და აღნიშნა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო სწორედ ამ პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა და მყარად აგრძელებს და იცავს ყველა იმ პროგრესულ დემოკრატიულ იდეალებს, რომლებიც 101 წლის წინ შემუშავდა და პრაქტიკაში განხორციელდა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილიც წარდგა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0