საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ევროკავშირის პროექტის – N4ED ფარგლებში, 2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ბოლნისი უკვე მეორედ საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა. ბოლნისის მერიის პროექტი, რომელიც შშმ პირებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, ნომინაციაში “მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის” საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ საუკეთესოდ აღიარა. კონკურსზე საქართველოს მასშტაბით 38 პროექტი იქნა წარდგენილი და აქედან მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტი გახდა გამარჯვებული: ბოლნისი, ქუთაისი, ცაგერი, ზუგდიდი და ბათუმი.
„მოხარულები ვართ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი გახდა. ამჯერად მუნიციპალიტეტის პროგრამა, რომელიც შშმ პირებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, ნომინციის „სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისათვის“ საუკეთესოდ აღიარეს. ეს ჩვენთვის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი მოტივაციაცაა, რათა კვლავაც არაერთი ეფექტური სერვისი შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებში იხარჯება და ეს მიმართულება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია თანასწორი საზოგადოების აშენება და სპეციალური საჭიროების მქონე მოქლაქეების ხელშეწყობა, ამიტომ ჩვენ ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ, შშმ პირებს სხვადასხვა სოციალურ და სამედიცინო სერვისს ვთავაზობთ.
ჩვენთან მოქმედებს საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“, სადაც შშმ ბავშვები იღებენ მათზე მორგებულ სტანდარტის შესაბამის მომსახურეობას, აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა „შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოც“, რომლის წევრებიც აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროგრამის შემუშავებაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას დაფასებისთვის, ამ ნომინაციაში გამარჯვება ჩვენთვის ერთგვარი დასტურია, რომ მუნიციპალიტეტი განვითარების სწორ გზას ადგას“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.