ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ გიორგი ხვიბლიანს წვიმიანი ამინდის აღარ ეშინია, რადგან წლების მანძილზე დაზიანებული სახლის სახურავი ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით შეიცვალა. გიორგის მსგავსად პრობლემა ამ დრომდე 23 ოჯახს მოუგვარდა.
ელისო მენაბდიშვილის ნატვრაც რეალობად იქცა. სახლი, სადაც მრავალი წელია ცხოვრობს, ავარიული იყო. დაზიანებულმა სახურავმა პრობლემა კედლებსა და იატაკსაც შეუქმნა. როგორც ქალბატონი გვიყვება, სახლში ღამის გათენების აღარ ეშინია და არც წვიმასთან გამკლავება უწევს, მისი სახლიც რამდენიმე თვის წინ გადაიხურა.
„ვერ წარმოვიდგენდი ეს პრობლემა თუ მომეხსნებოდა, წვიმის მოსვლის მეშინოდა, ზამთარზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, სახლშიც ისევე წვიმდა, როგორც გარეთ, სისველემ კედლები და იატაკიც დააზიანა, მთელი პენსია რომ შემეგროვებინა, მაინც ვერ შევძლებდი სახურავის შეცვლას, დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვე, მადლობელი ვარ, რომ გულთან მიიტანეს ჩემი თხოვნა“.
სახურავის პრობლემა ნაზი ქვარცხავასაც მოუგვარდა, რის შემდგომაც ოჯახის დიასახლისმა, საკუთარი სახსრებით, საცხოვრებელ ფართში სხვა პრობლემების მოგვარება დაიწყო.
გაჭირვებაში ცხოვრება უწევდა მარტოხელა პენსიონერ თამარ ხუციშვილს, მას მეუღლე ახალგაზრდობაში გარდაეცვალა, გერმანული სტილით ნაგები სახლი მოძველდა და მწყობრიდან გამოვიდა სახურავიც, ის დღეს მადლობელია. ძველი კრამიტი ახალმა, თუნუქის სახურავმა ჩაანაცვლა. „დაღლილი ვიყავი, სახლში ჩამოსულ წვიმას ვედროებით და ტაშტებით ვებრძოდი, მადლობელი როგორ არ უნდა ვიყო, დავისვენე“.
გარდა ქალაქისა, სახურავების პრობლემები სოფლებშიც გვარდება. მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისია მოქალაქეებიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე იკვლევს ოჯახების მდგომარეობას და ვისი სოციალური პირობებიც უკიდურესად მძიმეა, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული პრობლემები უგვარდება.
„მოსახლეობის მომართვიანობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ შეგვექმნა პროგრამა, რომლითაც შევძლებდით ამ ოჯახების გვერდში დგომას და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, კონკრეტულად, ეს ქმედება სახურავებთან მიმართებაში განვახორციელეთ. პროგრამა 2015 წლიდან ამოქმედდა, შეიქმნა სპეციალური კომისია, განვიხილავთ შემოსულ განცხადებას, რის შემდგომაც ჯგუფი ადგილზე სწავლობს მდგომარეობას, ადგენს აქტს, სადაც დეტალურადაა აღწერილი რასთან გვაქვს საქმე, განცხადება რამდენიმე ეტაპს გადის და შემდგომ ვიღებთ გადაწყვეტილებას. 2017 წელს 379 განცხადება შემოვიდა. აქედან დადებითი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 150 ოჯახზე. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტი არ არის განუსაზღვრელი, ამიტომ, რომ არ ყოფილიყო უსასრულო მოლოდინი, პროგრამა დროებით შევაჩერეთ, სანამ 150 სახლის გადახურვა არ მოხდება. ამ ეტაპზე 23 სახლს უკვე შეეცვალა სახურავი, წლის ბოლომდე ვფიქრობთ, კიდევ შევძლებთ 25 ოჯახის პრობლემის მოგვარებას. საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, ამიტომ ბიუჯეტი საკმარისი არაა იმისთვის, რომ ერთად დაკმაყოფილდეს ყველა განცხადება. მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა, კერძო სახლების გადახურვის პროგრამა კი მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის კეთილი ნებაა. გადახურვით სამუშაოებზე ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. პროგრამამ მთლიანად მუნიციპალიტეტი მოიცვა, ვფიქრობთ 2019 წელს დარჩენილი 100 სახლის გადახურვაც მოხდება, რის შემდგომაც გაგრძელდება პროგრამა“. აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულისხმიერებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერსა და ინფრასტრუქტურის თანამშრომლებს, ჩემი საცხოვრებელი სახლის შეკეთებისთვის, ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის“. – აღნიშნა სულხან-საბას ქუჩის №73-ში მაცხოვრებელმა მაყვალა ფიფინაშვილმა.
2015-2016 წლებში 25-მდე კერძო სახლი შერემონტდა, 2018 წლის ბოლომდე კი 48 ოჯახს გაეწევა დახმარება და მათ საცხოვრებელ სახლებს სახურავის პრობლემა მოუგვარდება.