ბოლო დროს ქალაქში უპატრონო, მაწანწალა ძაღლების რაოდენობამ იმატა. მოსახლეობის თქმით, ქუჩაში მოსიარულე ძაღლები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საკითხი მოაგვარა. შპს ,,კომუნალური მეურნეობის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ენიმალ ჰაუსის” თანმშრომლებმა დღეს დილიდან ქალაქ ბოლნისისა და დაბა კაზრეთის ტერიტორიაზე 41 უპატრონო ძაღლის დაჭერა მოახერხეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების
დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების
შესაბამისად განხორციელდა, რის შემდეგაც ცხოველების სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში გადაყვანა მოხდა. ხელშეკრულების გათვალისწინებით, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა მოხდება. აღნიშნული ცხოველები ყურის კლიპის მეშვეობით დაინიშნებიან და ბუნებრივ არეალში დაბრუნდებიან. შპს ,,ენიმალ ჰაუსი” წლის ბოლომდე თავშესაფარში 250 უპატრონო მაწანწალა ძაღლის გადაყვანას უზრუნველყოფს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის სერვისი ამოქმედდა
23/09/2016