ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს რეაბილიტირებული N5 საბავშვო ბაღი გაიხსნა. ევროპული სტანდარტებით გარემონტებული შენობა, რბილ და ნაზ ფერებში შეღებილი ოთახები, ორიგინალურად გადაწყვეტილი ფასადი, მოპირკეთებული ეზო- N5 საბავშვო ბაგა-ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წითელი ლენტი აღსაზრდელებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ვალენტინა ნავერიანმა გაჭრეს.
N5 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ სამი ბაღიდან, რომელიც წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გარემონტდა. შენობებს სრულად ჩაუტარდა ყველა საჭირო გარე და შიდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვალა კომუნიკაციები, წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები, კეთილმოეწყო ეზოები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო პანდუსები.
ბაღები აღიჭურვა ახალი, რბილი და მაგარი ინვენტარითა და ტექნიკით.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი რეაბილიტირებულ და კომფორტულ გარემოში დღეს N5 ბაღის 115-მა აღსაზრდელმა განაახლა.
ქალაქ ბოლნისის N3 და სოფელ რატევნის საბავშო ბაღები უახლოეს დღეებში გაიხსნება.
,,პირველ რიგში ღვთისმშობლობა მინდა მივულოცო როგორც ბოლნისს, ასვე სრულიად საქართველოს. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი დანაპირები, რაც ერთი წლის წინ დავპირდით, შესრულებულია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენი მომავალი თაობების აღზრდაზე, სწორად განვითარებასა და წინსვლაზე.გარემოს, სადაც ბავშვის აღზრდა ხდება უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მითუფრო, როცა ესთეტიკურად ასე მოწესრიგებულია აქაურობა, ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე დიდი საჩუქარია არამარტო ბავშვებისთვის, არამედ აღმზრდელებისთვისაც, რომელთან განწყობაც ასევე ამაღლებული იქნება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ვალენტინა ნავერიანმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში N5 საბავშვო ბაღი გაიხსნა
21/09/2016