ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

21/03/2023

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც შეუერთდა ჭრელი წინდების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მიერ დამზადებული წინდები შეიძინა. წინდების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მოხმარდებათ. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური ჯანდაცვის სამსახურის უფროს იროდი უგრეხელიძესთან ერთად, სარეაბილიტაციო – საგანმანათლებლო ცენტრის „განთიადი“ ბენეფიციარები მოინახულა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებს ტკბილეული მიუტანეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მიულოცეს და ჭრელი წინდებით სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. „განთიადის“ ბენეფიციარები სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაც. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეთორმეტედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც ტრადიციულად აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით, შევუერთდით ჭრელი წინდების კამპანიას, შევიძინეთ წინდები. ამ წინდების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სწორედ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მოხმარდებათ. წელს გზავნილის – „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ ფარგლებში ვერთიანდებით. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ თანასწორი გარემო, რათა შევძლოთ დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე და ვისურვო, ისეთ საზოგადოებაში გვეცხოვროს, სადაც ქრომოსომებს არასდროს დაითვლიან“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0