2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო. გოგი მეშველიანმა და ბუბა გობეჯიშვილმა სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინით შეამკეს. ბოლნისის საკრებულოს განკარგულებით, იმ უბნებს, სადაც დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭათ. ასლან შაინიძის, ნოდარ დევნოზაშვილისა და საბა დადვანის სახლებზე სიმბოლური აბრები განთავსდა. ბოლნისის მერიამ კი ერთჯერადი დახმარების სახით, გარდაცვლილი გმირების ოჯახებს პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაურიცხა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და სოფელ რაჭისუბანში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა. ამ ომმა საქართველოს არამარტო ტერიტორიები დააკარგვინა, არამედ არაერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საქართველოს ათასობით მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია. ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას თავი ბოლნისელმა ჯარისკაცებმაც შესწირეს. დღეს ამ გმირების ხსოვნას ჩვენ პატივი მივაგეთ. აღსანიშნავია რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების შესაბამისად, იმ ქუჩებს, სადაც ბოლნისელი გმირები ცხოვრობდნენ დღეიდან მათი სახელები ერქმევა. რა თქმა უნდა მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე შეუფასებელია და ჩვენ მათ ღვაწლსა და თავდადებას არასდროს დავივიწყებთ“, -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.