ბოლნისის დასავლეთ ნაწილში წყალარინების სისტემის მშენებლობა დაიწყება

13/06/2016

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მოქალაქეებისთვის ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ბოლნისის ქვეპროექტის წინასწარი ეკოლოგიური კვლევის საჯარო განხილვა მოაწყვეს. პრეზენტაციისას დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს პროექტის მნიშვნელობა და განხორციელების ეტაპები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების ქსელი, გაწმენდილი წყალი ჩაიშვება მდ.მაშავერას მარცხენა სანაპიროსთან და მოეწყობა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოხვდა იმ 9 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ბოლნისის ჩამდინარე წყლების სისტემის გაუმჯობესება. ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მდგომარეობა საქართველოში არასახარბიელოა. სერვისი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის არ არის ხელმისაწვდომი. სისტემა მოძველებული და არაეფექტიანია.
მდგომარეობა ბოლნისში არ განსხვავდება საქართველოს სხვა ქალაქებისგან. ბოლნისის წყალარინების ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა არაეფექტიანია და არ ასახავს მოთხოვნილებებს მზარდი მოსახლეობის პირობებში. გაუწმენდავი კანალიზაცია ჩაედინება ნიადაგში და აბინძურებს ზედაპირულ წყლებს. იგი აგრეთვე ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ აუცილებელია პროექტის სწრაფად განხორციელება.
ბოლნისის ქვეპროექტი წარმოადგენს ურბანული სერვისის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ნაწილს, რომლის მიზანია სოციალური და ეკონომიკური განვითარების ოპტიმიზაცია საქართველოს შერჩეულ ქალაქებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების გზით.
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. აღნიშნული პროექტით ქალაქ ბოლნისში საბოლოოდ დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება შიდა გზების მოასფალტება.
მასშტაბური პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც პირველ რიგში სატენდერო პროცედურების დაწყებას გულისხმობს. საერთაშორისო ტენდერის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს. პროექტი ორწლიანია და მისი სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ლარია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბოლნისის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქის 10 ქუჩაზე, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს.სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, ეტაპობრივად აღნიშნული ქუჩების მოასფალტება მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0