ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა

12/01/2016

ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას იმის გამო, რომ “გაზპრომთან” გამართული შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ უწყებაში განუცხადა, სადაც ის მოადგილეებთან ერთად ექსპერტებს შეხვდა. მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად შეხვედრები “დახურული არ არის”.

“შეხვედრები დახურული არ არის და მათთან დაკავშირებით განცხადებები გავრცელდა, თუმცა ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომ ამ შეხვედრების გადაცემა პირდაპირ ეთერში არ ხდება და “ლაივის” გაკეთება შეუძლებელია. ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტებს სურდათ გაეგოთ, რა სიტუაციაა ბაზარზე და რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კალაძემ დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ იყო კითხვები, რომელსაც შესაბამისი პასუხები გაეცა. ენერგეტიკის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მსგავსი ტიპის შეხვედრები გამართვა სამომავლოდაც გაგრძელდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0