ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე, ამიტომ არ მიხარია, რომ ხვალ მის ნათქვამს ნაკლები ფასი ექნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მცირე ანალიზის გაკეთების შემდეგ საზოგადოება დაასკვნის, თუ ვის არ აწყობს დღეის მდგომარეობით სიმართლის თქმა იმასთან დაკავშირებით, სთავაზობდა თუ არა ივანიშვილი უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას. მისი თქმით, იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა გაიგონ ვინ საუბრობს ამ შემთხვევაში სიმართლეს, ის თუ ივანიშვილი, უნდა გააკეთონ მარტივი ანალიზი იმისა, თუ ვის არ აწყობს ახლა სიმართლის თქმა.
”მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც დავიწყე 5 წლის განმავლობაში ჩემი უახლოესი პოლიტიკური პარტნიორის, ჩემი ლიდერის, ადამიანის, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, განქიქება, არ მიწოდებია მისთვის არც მატყუარა, არც უსაქმური, არც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, არც მტრის მაქებარი და ჭავჭავაძის მძაგებელი და ა.შ. მან ჩათვალა, რომ ძველი პარტნიორები აღარ სჭირდება, სამწუხაროდ. მე მგონია რომ ცდება, რადგან აღარ სჭირდება ძველი ამბები და ამ ამბებთან დაკავშირებული სხვა კარგი ამბებიც, რაც მაშინ კარგად მიიჩნეოდა. მე არ მიხარია ის, თუ ხვალ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ნაკლები ფასი ექნება, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე. ამიტომ არ მიხარია და არ ვარ დაინტერესებული იმაში, რომ ის ადამიანი, ვის ხელშიც ჯერ კიდევ არის ამ ქვეყნის სახელისუფლებო და საძალაუფლებო გავლენების საკონტროლო პაკეტი, აღმოჩნდეს არაავტორიტეტული, იმის გამო, რომ დავით უსუფაშვილი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისი სურვილია სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე კამათი, მათ შორის იმაზე, რატომ დაემსგავსა ”ქართული ოცნების” პოლიტიკა პრაქტიკულად 2004 წლის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას. ”მინდა ვიკამათოთ იმაზე, რატომ ჰგავს გაჭრილი ვაშლივით ტაქტიკურად მიშა სააკაშვილის პოლიტიკა 2004 წელს და ”ქართული ოცნების” პოლიტიკა, როდესაც ძველი პარტნიორები არ მოინდომეს, ყველა პარტიას უთხრეს, მაშინაც და ახლაც, გააუქმეთ თქვენი პარტიები, გადმოდით ჩვენთან და ერთი პარტია იქნება ამ ქვეყნის გადამრჩენელი, იმაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდოდა ორივეს მოსვლა, იმიტომ, რომ სხვა პარტია მაშინ სააკაშვილისთვის რეფორმების შემაფერხებელი იქნებოდა, ახლა კი ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი იქნება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მე მგონია, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ბატონ ბიძინას გაუჭირდა იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის ზიდვა, რომელიც მან თავის მხრებზე აიკიდა, – აცხადებს უსუფაშვილი. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას სურს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კვლავ პოლიტიკური დისკუსიისა და დებატების ფორმატში დარჩეს.
”ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონმა ბიძინამ ეს არჩევანი გააკეთა და მან გადაწყვიტა თანამებრძოლების წინააღმდეგ ასეთი სტილით გალაშქრება. მე არ მინდა მას ამ ტიპის ურთიერთმტრობაში ავყვე. მინდა დავრჩეთ პოლიტიკური დისკუსიის და დებატების ფორმატში. ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა მიწოდოს მან უსაქმური, მატყუარა, არ ვიცი კიდევ სხვა ტერმინები, მე ვაპირებ გავაგრძელო მასთან პოლიტიკური დებატები. ვისაუბროთ იმაზე რატომაა აუცილებელი მრავალპარტიული პარლამენტი, რატომაა პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელი, რატომ არ არის სწორი პარლამენტში იმ ხალხის შეყვანა, ვინც დღესაც სხედან პარლამენტში და არაფერს აკეთებენ, რატომ არ არის სწორი პარლამენტში იმ ხალხის შეყვანა, ვინც თავისი ბიზნესის გაგრძელებას აპირებს მხოლოდ და არა ქვეყნის სამსახურს პარლამენტში. მე ამ თემებზე პოლიტიკური დებატებისთვის მზად ვარ ბიძინა ივანიშვილთან. არ ვარ მზად და არ ვიქნები მასთან იმ ტიპის არაპოლიტიკურ პაექრობაში ჩასართავად, რომელიც ჩემს და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ, ასევე სხვა პარტიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ წამოიწყო. მე მგონია, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ბატონ ბიძინას გაუჭირდა იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის ზიდვა, რომელიც მან თავის მხრებზე აიკიდა და ახლა, ამ პოლიტიკური გეზის ცვლილების პროცესში, ის იძულებულია შეცვალოს გუნდი, ხალხი და სამწუხაროდ მან ეს საქმე არასწორად წაიყვანა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის მზადაა, ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტთან საჯარო დებატების გასამართად იმ თემებზე, რაზეც ზოგადად აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.