ბიუჯეტის ცვლილებები განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში არსებობს

05/10/2022

„ბიუჯეტის ცვლილებები განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში არსებობს. აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10,5-პროცენტიანი ზრდა, ხოლო 8 თვის საშუალო მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა, არის 10,3 პროცენტი. ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 6-პროცენტიანი ზრდა. საპროცენტო განაკვეთების გარდა, ეკონომიკა ყველა მიმართულებით აჩვენებს ზრდას და ჩვენი პროგნოზი ამ მიმართულებით გამართლდა“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა სადაც „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძემ კოლეგებს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით კომიტეტის შენიშვნები, წინადადებები და ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის გეგმიურზე მაღალი ზრდის ტემპმა განაპირობა მაკროეკონომიკური პარამეტრების ზრდა.

„საქართველოს ეკონომიკის გეგმიურზე მაღალი ზრდის ტემპი გახდა ფუნდამენტი იმისა, რომ განახლდა მაკროეკონომიკური პარამეტრები და 6 პროცენტის ნაცვლად ბიუჯეტში ჩადებულია 8,5-პროცენტიანი ზრდა. ნომინალში მთლიანი შიდა პროდუქტი 64,8 მლრდ ლარის ნაცვლად წარმოდგენილია 72, 2 მლრდ ლარით. გაუმჯობესება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვან დეფიციტთან დაკავშირებით. დეფიციტის მაჩვენებელი 4,4 პუნქტი შემცირებულია 3,2 პუნქტამდე. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. ის გავლენას ახდენს როგორც ინფლაციაზე, ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცენტრალურ ბანკს, რომ შეამციროს ინფლაციური ზეწოლა საქართველოს ეკონომიკაზე და ასევე ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო ვალის აბსოლუტური მოცულობა მცირდება 883 მლნ. ლარით და ვალის მოცულობა 40 პროცენტს სცილდება. ორივე პარამეტრი, რომელსაც ჩვენი კომიტეტი უყურებს, დეფიციტი და ვალის მოცულობა მნიშნელოვანია როგორც ფისკალური მდგრადობის, ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. კორექტირებული ვერსიით ხარჯები გაიზრდება 507 მილიონით და მთლიანობაში ასიგნებები მიაღწევს 19 მლრდ 678 მლნ ლარს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0