პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე, ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„პარლამენტის და ბიუროს სახელით, მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს და მწუხარება გამოვხატო მისი გარდაცვალების გამო. ის, კარგი პროფესიონალი და ჩვენი საზოგადოებისთვის პატივსაცემი პიროვნება გახლდათ. გულდასაწყვეტია, რომ ის ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა. მინდა, პატივი მივაგო მის ხსოვნას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა კანონპროექტების შემუშავებასთან ერთად, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებისთვის.
„კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, რაშიც ჩართული არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, კონკრეტული და ხელშესახები შედეგით დასრულდება. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო, პოლიტიკური შეთანხმებები გვექნება. ამ მომენტისთვის პროცესი მიდის ძალიან კონსტრუქციულ ფორმატში და შედეგისკენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის საკითხზე და აღნიშნა, რომ კონსენსუსი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით არსებობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსენსუსი, რომელიც არის დემოკრატიის მონაპოვარი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახოს და განხორციელდეს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც განვითარების, დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის მაღალ ეტაპზე გადაიყვანს სასამართლო სისტემას. არჩილ თალაკვაძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესსაც გამოეხმაურა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ჩვენ, ყველას ერთად გვაქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ ეს პროცესიც წარვმართოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეთა შერჩევის რეგლამენტით განსაზღვრულ პროცედურასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები გააკეთა. ბიურომ პარლამენტის 2019 წლის 17-20 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. პლენარული სხდომების დღის წესრიგში 100-მდე კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხია. პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებას საქართველოს პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის ნდობის ჯგუფის წევრად წარდგენის შესახებ. ნდობის ჯგუფთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატურები დროულად წარადგინონ.
„მინდა კოლეგებს და საზოგადოებას ვუთხრა, რომ ნდობის ჯგუფი დროებით არ მუშაობს, ვინაიდან უმცირესობა აღარ არის პარლამენტში და ქალბატონმა ეკა ბესელიამ, რომელიც ნდობის ჯგუფის წევრი იყო, დატოვა ნდობის ჯგუფი. რასაკვირველია, ჯგუფის უმრავლესობის წევრებს შეუძლიათ ჩაატარონ სხდომა, მაგრამ არ იქნება დემოკრატიის ადეკვატური ხარისხი, როდესაც მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ატარებენ ნდობის ჯგუფს. მე, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელს, შეჩერებული მქონდა ეს პროცესი. უმრავლესობამ თავისი კანდიდატები წარმოადგინა და მინდა მოვუწოდო პარლამენტში მყოფ შესაბამის სუბიექტებს, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები, რომ პარლამენტის ამ ძალიან მნიშვნელოვანმა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმმა ადეკვატურად იმუშაოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ნდობის ჯგუფში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ჯგუფის საქმიანობა და იმედი მაქვს, მალე განახლდება. გეთანხმებით, ასევე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაში მონაწილეობა მიიღოს ოპოზიციამაც. ვთხოვ, რომ დროზე დასრულდეს ეს კონსულტაციები და წარმოადგინონ მათი კანდიდატურაც,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პლენარული სხდომა მესამე მოსმენით განიხილავს „ბავშვის უფლებათა კოდექსს“; „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „მედიაციის შესახებ“ და სხვა კანონპროექტებს.
პლენარული სხდომების დღის წესრიგს დაემატა პირველი მოსმენით განსახილველი რამდენიმე კანონპროექტი. მათ შორის: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ , „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები.
ბიურომ რიგ კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. მათ შორის, თანხმობა მისცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის გადის 30 დღით გაგრძელების შესახებ. ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა. სასესიო კვირის განმავლობაში, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს.
„განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, საფრთხეები, პოლიტიკა, ვითარება და ჩვენი ხედვა მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით და ყველას გვექნება კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ვნახოთ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო, რას ფიქრობს ამაზე უმრავლესობა და რას ფიქრობს ოპოზიცია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა, რომ განვიხილოთ ჩვენთვის მტკივნეული საკითხი – ოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.