დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კონკურსი ცხადდება ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნესშესაძლებლობების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორცილებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, DVV International-სა და ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან“ პარტნიორობით.
პროექტის მიზანია საქართველოდან მიგრაციის შემცირების ხელშეწყობა, პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთათვის საარსებო წყაროს შექმნის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება. ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძია ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოსა და ფინანსური ორგანიზაციების წინაშე. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილ მხოლოდ ერთი პროექტის ავტორი.
ბიზნესიდეების კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ბიზნესიდეები, რომელთა ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნესგეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ დაფინანსება იდეის განსახორციელებლად. კონკურსის შედეგად შერჩეული ბიზნესიდეების მთლიანი საგრანტო ფონდი შეადგენს 55 000 ლარს, პროგრამით გამოცხადებული წარმოდგენილი ერთი პროექტით გასაცემი გრანტის მინიმალური რაოდენობა არის 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური – 5000 ლარი. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 10 %-ს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gyrc.info@gmail.com . საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აგვისტო.
ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა
26/07/2016