ბეჩო-ტურბაზას მონაკვეთზე სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება

17/10/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები კონტრაქტორი ორგანიზაციების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია. ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო, მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.

„აბსოლუტურად გაუგებარია დღევანდელი აქციის მოთხოვნები, მაშინ როცა ერთი კვირაა კონტრაქტორი აქტიურად მუშაობს, ტექნიკა მობილიზებულია და ხვალ უკვე იწყება ასფალტის დაგება. წინა კვირას შევთანხმდით კონტრაქტორთნ, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ნოემბრის ბოლომდე მორჩება ამ პროექტს. კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქცია 28 000 ლარის ოდენობით, რაც კონტრაქტის შესაბამისად იყო გათვლისწინებული. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, კლიმატური პირობების გათვალისწინებით და ასევე სატენდერო პროცედურების დაცვით, შეუძლებელი იქნებოდა გაზაფხულამდე სამუშაოების განახლება. როდესაც ტექნიკა ადგილზეა და იწყება ასფალტის დაგება, ამ ფონზე გზის გადაკეტვა ნამდვილად არ არის ის ფორმა, რომელიც ობიექტის უფრო ადრე დასრულებას შეუწყობს ხელს. მოვუწოდებ ყველას ხელი არ შეუშალონ სამუშაოებს და ნოემბრის ბოლოს ბეჩო-ტურბაზის მოსახლეობას რეალურად ექნება დასრულებული, ასფალტირებული გზა“- განაცხადა დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0