სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან მაია ცქიტიშვილთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვია და მათი საჭიროებები მოისმინა.
პირველ პირებთან შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები დააყენა – მელიორაციასთან, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან, ბუნებრივი აირით და შეშით მომარაგებასთან დაკავშირებით. ასევე, სოფლის მცხოვრებლები დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებით.
„გრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ღია შეხვედრები მოსახლეობასთან. ეს არის „ქართული ოცნების“ ინიციატივა. ხელისუფლების შეხვედრები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა სოფელში, ყველა რეგიონში,“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების არალის, ბოლაჯურისა და მოხეს მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის საჭიროებების დადგენის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.