სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბაკურიანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ყველა იმ სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა პასუხისმგებლობა ტურისტების უსაფრთხო და კომფორტული დასვენების უზრუნველყოფაა. წელს, დაბა ბაკურიანში განხორციელდა 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა. მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები.
შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბაკურიანში ასევე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ნაწილზე კი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
დასრულდა: მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; დიდველზე პარკინგის გაფართოება; ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები;
მიმდინარეობს: მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობა; პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობის მშენებლობა; შემუშავდა პროექტი და შემდეგ წელს განხორციელდება ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები;
ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება, ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა ბაკურიანში სახელმწიფო რწმუნებულის ორგანიზებით ჩატარდა.
ბესიკ ამირანაშვილმა ბაკურიანში საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
29/11/2019