ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მოღვაწე მასწავლებლებს შეხვდა

05/10/2023

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მოღვაწე მასწავლებლებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა.

“ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს. იყო მასწავლებელი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თქვენ მნიშვნელოვან როლს თამაშობთ ახალგაზრდების ცხოვრებაში, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და სწორი მიდგომები განსაზღვრავს ჩვენი მომავალი თაობის ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებას. გონიერი და განათლებული ახალგაზრდობა კი ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის წინაპირობაა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის, თქვენი ღვაწლი შეუფასებელია. გისურვებთ, კიდევ დიდ ხანს შეძლოთ, ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას”, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე.

შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და კერძო სკოლა „მზექა“-ს ღვაწლმოსილი და წარმატებული მასწავლებლები ესწრებოდნენ, მერიის ორგანიზებით მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის, 43 მასწავლებელს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ასევე დასაჩუქრდნენ და მადლობის სიგელები მიიღეს საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებლებმა – ციალა სარიშვილმა, ბადრი კაპანაძემ და ნაზი ჯინჭველაძემ. შეხვედრაზე პედაგოგებს პროფესიული დღე, ასევე, მიულოცეს ახალციხის მერის პირველმა მოადგილემ, ილია ზარდიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით ტაბატაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ. ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლემ იოანე მაზმიშვილმა კი მოწვეულ პედაგოგებს მასწავლებლის დღე ლექსით მიულოცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ალიბეგაშვილი, ახალციხის მერის მოადგილეები – ვაჟა გაჩეჩილაძე, რუბენ კარაპეტიანი, ქალაქის საზოგადოების, განათლების სფეროს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0