სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტ „მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS)“ მსმენელებს ონლაინ ჩართვის საშუალებით, რეგიონში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გეგმებზე რის განხორციელებასაც მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ახდენს. სახელმწიფო რწმუნებულმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და დარგის ხელშეწყობის გეგმაზე ისაუბრა.
“სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიკროსაგრანტო პროგრამა, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, გაგრძელდება და ერთ ბენეფიციარზე გაცემული გრანტის ოდენობის ზღვარი აიწევს 30 ათას ლარამდე, ჯამში კი ეს თანხა გაიზრდება 40 მილიონ ლარამდე. გარდა ამისა, აგროკრედიტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ნაწილში, ჯამში, 50 მილიონ ლარამდე იზრდება. დამატებით პროგრამებსა და შესაძლებლობებზე პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკეთებს და არ მინდა მოვლენებს გავუსწრო” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ონლაინ ჩართვის დროს ალექსანდრე მოწერელიამ ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სახელმწიფოს ხელშეწყობის გზებზეც ისაუბრა. პირველ ეტაპზე მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი პირველ ნოემბრამდე გადაუვადა, რითაც 4 500-მა სუბიექტმა ისარგებლა, რამაც მთლიანობაში 90 მილიონი ლარი შეადგინა. მცირე სასტუმროებს კი სახელმწიფომ 6 თვის საბანკო სესხის ხარჯის 80%-ს უფინანსებს – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ. მისვე განცხადებით: ,,საკარანტინო სივრცეები მოეწყო სასტუმროებში რათა ქონდეთ მათ ხელშეწყობა, სულ მოეწყო 83 ასეთი სივრცე, მათ შორისაა ანაკლიაში არსებული სასტუმროები. ამ სასტუმროებში დასაქმებულია 2483 თანამშრომელი“.
სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრის მეორე ნაწილში „მომავალ ლიდერთა სკოლის“ მსმენელების კითხვებს უპასუხა.