ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ 29 ოქტომბერს ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “ოთარაანთ ქვრივი” წარმოადგენს. ლიტერატურული თეატრის – “ჩვენ დავბრუნდებით” დამფუძნებლის მანანა ხორბალაძის ინფორმაციით, თეატრი 9 წელია მუშაობს და 10 სპექტაკლი უკვე დაიდგა.
“მნიშვნელოვანია ქართული თეატრის არსებობა უცხო მიწაზე, რადგან ემიგრანტის შვილებმა იცოდნენ ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია. ბავშვებს მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ ქართულ იდენტობასთან. ვემზადებით პრემიერისთვის. სპექტაკლში ემიგრანტის შვილები და მათი მშობლები მონაწილეობენ. თავად “ოთარაანთ ქვრივს” მე განვასახიერებ. გიორგის როლს სანდრო ახმეტელაშვილი; კესოს ნინო კაპანაძე ითამაშებს. არჩილის როლის შესასრულებლად თბილისიდან მსახიობი გიორგი გილიგაშვილი მოვიწვიეთ. ასევე, დიდგვაროვან ქალბატონს კომპანია „მარიგოლდის“ დამფუძნებელი თამარ ნადირაძე ითამაშებს. სპექტაკლში მონაწილეობის სურვილი საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმაც გამოთქვეს და ისინიც ჩამოვლენ რეპეტიციებზე ბელგიაში. დადგმის რეჟისორი გეგა ქურციკიძეა“, -განაცხადა მანანა ხორბალაძემ.
მისივე ინფორმაციით, სპექტაკლს მუსიკალურად თათა კალანდია და ბაშა ბაშალეიშვილი გააფორმებენ. ქორეოგრაფიული ნომრების დასადგმელად თბილისიდან ბაქარ ხინთიბიძეა მოწვეული. როგორც მანანა ხორბალაძემ აღნიშნა, სპექტაკლს ბელგიის სამეფოში მცხოვრები ქართველების გარდა, ნიდერლანდების სამეფოში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სპექტაკლზე დასწრების სურვილი იმ ბელგიელებმაც გამოთქვეს, რომლებსაც ქართული ხელოვნება და კულტურა უყვართ.
სპექტაკლი ანტვერპენის საკონცერტო დარბაზში 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება.