ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს

15/02/2019

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს, – ამის შესახებ დიდიე რეინდერსმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებს, საქართველო-ბელგიის ორმხრივ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ვიცე-პრემიერი რეინდერსი მიესალმა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე საქართველოში გატარებულ რეფორმებს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისა და ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობაზე.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.
პრემიერი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს ესაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც მიმართულია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის უზრუნველყოფას იმ პოზიტიურ ინიციატივებსა და სიკეთეებში, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იღებს. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის ფორმატის გაძლიერების აუცილებლობას.
მინისტრმა რეინდერსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგიის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0