ბედნიერებას ყველა ადამიანი თვითრეალიზაციით აღწევს და მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს ამის შესაძლებლობა

02/04/2024

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი, აგრეთვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის და ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები და მათი მშობლები, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„მნიშვნელოვანია, რომ აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს და ეს ჩვენი საზოგადოების განვითარებასა და სიძლიერეზე მეტყველებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბედნიერებას ყველა ადამიანი თვითრეალიზაციით აღწევს და მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს ამის შესაძლებლობა შეიგრძნოს ის, რაც ცხოვრების მთავარი ამოცანაა – იყო ბედნიერი ოჯახთან და საკუთარ თავთან ერთად.

„დღევანდელი პანელური დისკუსია მიეძღვნება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობას იმისთვის, რომ ერთი მხრივ, პარლამენტმაც მოვისმინოთ მოსაზრებები თუ რა გამოწვევებია დარჩენილი, რა შეიძლება ვუპასუხოთ ამას საკანონმდებლო და აღსრულების კუთხით. ამიტომ განსაკუთრებით ინტერესით ველოდები ამ დისკუსიას. მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თქვენ – ბავშვებს, მშობლებს, იმისთვის, რომ თქვენგან მოვისმინოთ თუ როგორ ხედავთ, სად იმყოფება დღეს ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო ამ მხრივ და რა უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა ერთად ბედნიერად იცხოვროს. ჩვენ, ყველა ერთმანეთს უნდა შევეხიდოთ და ხელი შევუწყოთ იმისთვის, რომ ერთი დიდი ჰარმონიული საზოგადოება ვიყოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიესალმა და სიტყვით მიმართა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ბაია კვიციანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის მხარში უდგას საბჭოს ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას თუ სხვადასხვა ღონისძიების გამართვისას.

„2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა, რომელიც ემსახურება აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირების მხარდაჭერას, მათი უფლებების დაცვასა და რეალიზების ხელშეწყობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, სახელმწიფომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ თუნდაც ინკლუზიური განათლების, პედაგოგების გადამზადების მიმართულებით და მრავალმხრივია ჩვენი მიღწევები, მაინც რჩება გამოწვევები, რომელიც მთელი მსოფლიოს წინაშე დგას. ბუნებრივია, ეს გამოწვევები ჩვენთანაცაა, რაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ბაია კვიციანმა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი დისკუსია ემსახურება სწორედ იმას, რომ მიღწევებთან ერთად აღინიშნოს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ამ სფეროში ამოქმედებული პროგრამები და სხვა რა ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს პროცესში მშობლების ჩართულობის გააქტიურებისა და მათი მხარდაჭერისათვის.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საჭირო მხარდაჭერის მომსახურებების/პროგრამების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის შესახებ.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა მაკა ფერაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამარ კურტანიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა თამარ ჟღენტმა, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ველთაურმა.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი ქეთევან მელიქაძე და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლები. გამომსვლელებმა ისაუბრეს მათი უწყებების მიერ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის საჭირო მხარდაჭერის მომსახურებებისა და პროგრამების დანერგვისთვის, ასევე ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობისთვის განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე, უწყებების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ყურადღება გაამახვილეს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ეფექტიანი მომსახურებების დანერგვისთვის კოორდინაციის უზრუნველყოფაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0