ბატონო ბიძინა, ციფრებს არ გაძლევენ? გიმალავენ სიმართლეს?

16/09/2016

მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 8 თვის მონაცემები ადასტურებს, რომ მთავრობა უნიათო ეკონომიკურ პოლიტიკას აგრძელებს. როგორც მაჭავარიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ექსპორტი ისევ ეცემა და ქართული პროდუციის წარმოება 2011 წლის მონაცემებსაც კი ჩამორჩება. მისივე თქმით, შემცირებულია იმპორტიც, რაც 3 869 მლრდ ლარს შეადგენს. ეს კი, მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით, ნაკლებია 2012 წლის მონაცემებზე, თუ არ ჩავთვლით C-ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტს, ”რომელიც საჩუქრად მივიღეთ, თუმცა იმპორტის მონაცემში აისახება”.
მაჭავარიანის განცხადებით, საქსტატის მიხედვით, შემდეგი დრამატული ციფრი ქართული ეკონომიკისთვის 7 თვის ეკონომიკური ზრდის ტემპი გახლავთ, რომელიც მხოლოდ 2,7%-ია, ნაცვლად მთავრობის მიერ დაგეგმილი 3%-იანი ზრდისა.

”შეგახსენებთ კახა ბენდუქიძის ცნობილ ფორმულას, რომ თუ ქვეყანაში წლიური ეკონომიკური ზრდა 2% იქნება, 2040 წლისთვის საქართველო რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა იქნება. კიდევ ერთი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში დადის, გარდა იმისა, რომ ხალხს ბანკირის აყვანასა და მოვლენების გაანალიზებაში დახმარებას სთავაზობს, გველაპარაკება აბსურდზე, თითქოს ვალების ეკონომიკიდან საინვესტიციო ეკონომიკაზე გადავედით. ბატონო ბიძინა, ციფრებს არ გაძლევენ? გიმალავენ სიმართლეს? ეს უფრო იმ ისტორიას მაგონებს, სტალინი სპეციალურად ლენინისთვის რამდენმე ეგზემპლიარ ”პრავდას“ რომ აბეჭდინებდა, სადაც ყველაფერი საამურად იყო. ან თქვენც ასე ხართ, ან შეგნებულად ცრუობთ! შედით ინტერნეტში, ნახეთ ეკონომიკური ციფრები. ვალების ეკონომიკიდან კი არ გამოხვედით, ხალხი კიდევ უფრო გააღარიბეთ იმ ფონზე, როდესაც თქვენმა ბანკმა 1700-ჯერ გაზარდა შემოსავლები”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

პრესკონფერენციაზე მაჭავარიანმა ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალი თუ 2012 წელს 8,5 მლრდ ლარი იყო, ეხლა ის 12,6 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა 2012 წლის შემდეგ 2 მლრდ-ით დოლარით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა 2 მლრდ-ით დოლარით გაღარიბდა.

”ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, 8 სექტემბერს ”ოცნებამ”, როგორც იქნა, საკუთარი პროგრამა გამოაქვეყნა. ჩანდა, რომ ძალიან უჭირდა ”ოცნებას” ამ პროგრამის გამოქვეყნება, ვინაიდან ვერ ასაბუთებენ იმ ტყუილებს, რომელსაც გვპირდებოდნენ. ბიძინა ივანიშვილი ჯიუტად იმეორებს, რომ აშენდა 170 ახალი საწარმო და 1000-ზე მეტი გარემონტდა, თუმცა ეს ეკონომიკურ ციფრებში არ ჩანს. ”ქართულ ოცნების” პროგრამაში არაფერი წერია პენსიების ზრდაზე; გადასახადების შემცირებაზე; ზედმეტი რეგულაციების გაუქმებაზე, ისევ არის ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯები; ტყუილია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა. ”ოცნების” ბიუჯეტი ამდენ დაპირებას ვერ მოერევა. ცხადია, ეს ტყუილი ჩვენი პროგრამის საპირწონედ მოიგონეს. ჩვენი შეთავაზება, მინიმალური ხელფასი 650 ლარი მიბმულია ვაუჩერის 65%-ით ზრდაზე. რაც ნიშნავს, რომ ეს ხელფასი იქნება ბევრად მაღალი, ვიდრეოცნების საშუალოდ 800 ლარი. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ისევ ნუ ატყუებენ პედაგოგებს და ხალხს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საპირისპიროა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომლის მიხედვითაც, დაგეგმილია საშემოსავლო გადასახადს განახევრება 20%-დან 10%-მდე; მოგების გადასახადის რეფორმის დახვეწა და მისი 10%-მდე შემცირება; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირების, რომელთა დღიური ბრუნვა 246 ლარამდეა, დაბეგვრისგან გათავისუფლება, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ყველა ფიზიკური პირი, რომლის წლიური ბრუნვა 200 000 ლარია საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ და მხოლოდ 3%-ით დაიბეგრებიან.

”გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას; 2017 წლის 1-ელი იანვრიდან მოვახდენთ სრულ საგადასახადო ამნისტიას; მოვახდენთ ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაციას და გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”, – განაცხადამ მაჭავარიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0