ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება, რომელთა საერთო სიგრძე 5 კმ. იქნება. მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ განახორციელებს. შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გააფორმა. საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოვიდა. მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, ახალი საბაგიროების მშენებლობასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება.
„სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რასაც დღეს მოეწერა ხელი, არის პირველი პროექტი იმ პროგრამიდან, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩასატარებლად. გეგმაში გვაქვს შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა – ეს არის ახალი სათხილამურო არეალები, ბიატლონი, ყინულის მოედნები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღვადგინოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია და სპორტის ეს სახეობა კვლავ აღვადგინოთ კობა წაქაძის სამშობლოში. ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ პროექტები შესრულდეს დროულად, ხარისხიანად და ყველა ერთად გავხდეთ ახალი სპორტული წარმატებების მომსწრენი.
„მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ, არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენ ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე მონაწილეობდნენ.