ბათუმში „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

02/10/2017

საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა – ბათუმში „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა და მას 250-მდე უცხოელი დელეგატი ესწრება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და განათლების საკითხზე მომუშავე ექსპერტები იღებენ.
„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენციის მთავარი თემაა: შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზანი არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი, ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვაა.
კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია“ საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.
„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენცია 6 ოქტომბერს დასრულდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0