“ბათუმობა 2018” პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება

01/09/2018

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავს, ბათუმი განსაკუთრებული ღონისძიებებით შეხვდა. დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ძველ უბნებში მე-19 საუკუნის ქალაქი და მასთან დაკავშირებული ისტორიები გაცოცხლდა.

„მინდა მივულოცო ბათუმობის დღესასწაული ბათუმს, მთელ აჭარას. ეს არის ძალიან ლამაზი დღე. გაცოცხლებულია ის ისტორიები, რომლებიც ჩვენს ქალაქს უკავშირდება. განსაკუთრებით მსიამოვნებს აქ არსებული განწყობა და ბავშვების ჟრიამული. ვულოცავ ყველას, პატარებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს“ – აღნიშნა მილოცვისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ქალაქის მთავარ დღესასწაულს ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

ბათუმობაზე წარმოდგენილი იყო კოსტიუმირებული სანახაობები, თემატური კუთხეები, ასევე ხელნაკეთი ნივთების და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა. მთავრობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ბათუმობის“ ღონისძიებებს ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების მერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძველ ბათუმში გამართულ ღონისძიებებზე ბათუმელებთან ერთად ქალაქის სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა. “ბათუმობა 2018” პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0