ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ხორციელდება წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე (ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე). პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, ხვალიდან, 28 იანვრიდან 45 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე. მიმდინარე სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა უკვე შეზღუდულია ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, ინასარიძის ქუჩის მონაკვეთზე (კობალაძის ქუჩის მიმდებარედ), ლეონიძის ქუჩაზე. მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულთან. სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ხორციელდება
27/01/2020