ბათუმის მერის ინიციატივით ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიტოვებული შენობები და მიწის ნაკვეთები რეგულარულად დასუფთავდება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მერიამ საკრებულოს ახალი რეგულაციის დადგენის მიზნით მიმართა.
საკითხით დაინტერესება ბათუმის ტერიტორიაზე მესაკუთრეების მიერ მიტოვებული, შემოუღობავი მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების არსებობამ გამოიწვია, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება ანტისანიტარიის მიზეზი, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.
პირველ ეტაპზე მოხდება მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების აღწერა – მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება, დათვალიერების აქტის შედგენა, დასურათება და სხვა ღონისძიებების განხორციელება.
მერიის შესაბამისი სტრუქტურები განახორციელებენ ქონების მესაკუთრეების გაფრთხილებას ობიექტების მოწესრიგების თაობაზე, რის შემდეგაც მათ მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ტერიტორიის დაგვა, დასუფთავება, ბალახებისაგან გაწმენდა და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება.
გარდა ამისა, მერის ინიციატივით შეიქმნება პასუხისმგებელი პირებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომელიც ადგილზე მისვლით შეისწავლის თითოეულ პრობლემურ საკითხს და უმოკლეს ვადაში მოახდენს სწრაფ რეაგირებას.
ბათუმის მერის ინიციატივით ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიტოვებული შენობები და მიწის ნაკვეთები რეგულარულად დასუფთავდება
22/11/2017