ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი აღკვეთეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა. კერძოდ, 6 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის აეროპორტი“, ისრაელის მოქალაქის, ი.ზ-ს ბარგში, ნარკოტიკული (ტრამდექსი 20 აბი) და ფსიქოტროპული (ნუროფენ გოლდი 34 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. კიდევ ერთი ფაქტი 7 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „მტკვარი“ გამოვლინდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, გ.ნ-ს ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (პენტალგინ ნეო 14 აბი) უპოვეს. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (აცეტამინოფენ კოდეინ-შაფა 10 აბი) იპოვეს 8 აგვისტოს, სგპ „კარწახის“ კონტროლის ზონაში, ირანის მოქალაქის, გ.გ.ჰ-ს ბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას. საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
ბათუმის აეროპორტში, მტკვარზე და კარწახში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
09/08/2017