ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზიაციის ახალი ეტაპი იწყება

14/01/2016

ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზიაციის ახალი ეტაპი იწყება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო თავის პარტნიორებთან ერთად გეგმავს ახალი სერვისების შექმნას, რათა მოხერხდეს ქვეყანაში დარჩენილი შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლის ეტაპობრივი გაუქმება და იქ მცხოვრები ბავშვების ალტერნატიულ, მცირე ზომის საოჯახო სახლებში განთავსება. დღეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ორი დიდი ზომის ინსტიტუციის ეტაპობრივი გაუქმება, რომელიც ქვეყანაში ამ ეტაპზე მოქმედებს – ესაა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლი და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი. ამ თანამშრომლობის შედეგად სახლების ბენეფიციარებისთვის- მზრუნველობამოკლებული, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, ალტერნატიული, მცირე ზომის მომსახურებები უნდა შეიქმნას. აღნიშნული სერვისი მიახლოებული იქნება ოჯახურ გარემოსთან, ამასთან, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აღსაზრდელთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მზარდი შესაძლებლობების განვითარებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის (პედიატრები, ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, ოკუპაციური თერაპევტები) მიერ. ისინი ბავშვების საჭიროებებს ინდივიდუალურად სწავლობენ, რათა შეიქმნას მათთვის მაქსიმალურად გამართული და ადაპტირებული სერვისები. სახელმწიფო ამ პროცესში აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან. “მცირე ზომის ბავშვთა სახლები საშუალებას იძლევა ბავშვებს გარდა ელემენტარული მოთხოვნებისა, როგორიცაა კვება, სითბო და უსაფრთხოება, დაუკმაყოფილდეთ ის მოთხოვნები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მის მიახლოებას ოჯახურ გარემოსთან. ამისთვის პრინციპულია, რომ ბავშვების რაოდენობა არ იყოს ბევრი. საჭიროა მათი დაყვანა 6-8 ბავშვამდე, სადაც უკვე აღმზრდელებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალურად თითოეულ აღსაზრდელზე იზრუნონ. ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობდა იმ ბავშვებში, რომლებსაც არ ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები ან შეზღუდული შესაძლებლობები”, – განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გავრცელდება შშმ ბავშვებზეც. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადმული ნაბიჯი შშმ ბავშვთა როგორც უფლებების დაცვისთვის, ასევე მათი სწორი აღზრდისთვის. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, საშა გრაუმანის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ბავშვთა ზრუნვის სერვისების მიმართულებით. მისი აზრით, აუცილებელია, რომ ყველა ბავშვისთვის არსებობდეს ოჯახური და კეთილგანწყობილი გარემო. “უნისეფი მხარს უჭერს სახელმწიფოს ამ დიდ წამოწყებას და სერვისების დახვეწისთვის გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვას – იქნება ეს ტრენინგები თუ სხვა სახის დახმარება. პროცესში დიდი გამოწვევები იქნება, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და ყველაფერი, რაც სრულყოფილი ცხოვრებისთვის სჭირდებათ”, – განაცხადა გრაუმანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0