ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

24/02/2023

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023-ის თამაშებს ეხებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა გასული წლის შედეგები შეაჯამა და 2023 წლის სასკოლო სპორტის პროგრამები განიხილა. ამასთან, ისაუბრეს რეგიონული თამაშების მომზადებისა და ორგანიზებისათვის საჭირო საკითხებზეც. როგორც აღინიშნა, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023-ის თამაშები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გასული წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. მასში ჩართული იყო ქვეყნის 1600-ზე მეტი სკოლის 70 000-მდე მოსწავლე. ამ ეტაპზე გამოვლენილია მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული გუნდები, რომლებიც რეგიონული თამაშებისათვის ემზადებიან. თავის მხრივ, რეგიონისათვის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ. გოჩა ქავთარაძის განცხადებით, მსგავსი სახის აქტივობებით ახალგაზრდების დაინტერესება ჯანსაღი ცხოვრების წესის უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს კიდევ უფრო მეტად უწყობს. ამიტომაც, სამხარეო ადმინისტრაციის სახელით, მან ფედერაციასთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ფედერაციასთან კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურცენტრების წარმომადგენლებიც, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ. ცნობისათვის, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023-ის თამაშები ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0