1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში დილის 11 საათიდან დაიწყო. მხიარული განწყობა პატარებს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა და საესტრადო ანსამბლ ,,იმედის” მომღელებმა შეუქმნეს. პარკი პატარების მხიარულებამ აავსო. ღონისძიების პარალელურად კულტურის სახლთან არსებული ხატვის წრის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა და სახის მოხატვა მიმდინარეობდა.
ბავშვთა დაცვის დღისადმი ღონისძიებები დაბა კაზრეთშიც გაიმართა. ბოლნისის კულტურის სახლის თოჯინების თეატრმა პატარებს სპექტაკლი ,,ხუთი გოჭის ამბავი“ უჩვენა. შემდეგ კი ღონისძიება გაიმართა ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგი მეშველიანთან ერთად ესწრებოდა.
,, მინდა ყველა ბავშვს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ვუსურვო მათ პირველ რიგში ბედნიერი ბავშვობა, ჯანმრთელობა და ულევი სიხარული. ჩვენ პატარები ყოველთვის გვახსოვს და დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში იმართება საკმაოდ ბევრი ღონისძიება მათ გახალისებლად”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
1 ივნისის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება ბოლნისის კულტურის სახლში 18:00 საათზე გაიმართება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ზურა დოიჯაშვილი, ანი გონგაძე, რეზო ბლიაძე, ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების“ წევრები პაატა ხაჩიძე და ირაკლი ნოზაძე იმღერებენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება ბოლნისის მუნიციპალიტეტში
01/06/2016