ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან

12/04/2016

დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან. კირკიტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა გარდაბნის, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, რომელიც მიწერილია გარდაბნის რაიონის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ამბაკო ავალიანთან. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების” ჩარევით ხდებოდა ბაგა-ბაღებში მომუშავე თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება. მისივე განმარტებით, სწორედ ხელისუფლების ჩარევის შედეგად ხდებოდა დანიშვნა და გათავისუფლება დირექტორების და მასწავლებლების.

„ბაგა-ბაღებში სიტუაცია გამწვავდა. საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ იქ მიმდინარე პროცესები პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული და ეს საკითხები დაკავშირებულია გარკვეულ კანონდარღვევებთან. წარმოგიდგენთ კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ პროცესებთან. ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ეს დაიწყო იმ დღიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, მას ხელს აწერს გამგებლის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი. ხელს აწერს იმას, რომ ბაღებში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, არამართლზომიერი დავალებების გაცემას“, – განაცხადა კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას ნუ ჩაერევა მსგავს პროცესებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0