“ა“ კლასის ვარსკვლავების ჩამოსვლა სიგნალია დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოა, სტაბილურია და მზადაა, როგორც ინტელექტუალური და ადამიანური რესურსით , ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პროექტ Check-in Georgia-ზე საუბრისას აღნიშნა.
მინისტრის თქმით, Check-in Georgia არის ბევრად უფრო ეკონომიკური პროექტი, ვიდრე კულტურული, რომელიც ძალიან პრაგმატულად გააზრებული და გათვლილია.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ დონის, მასშტაბისა და ხარისხის კულტურულ ღონისძიებებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ცნობადობას, მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება ტურისტული ნაკადების გააქტიურებასა და გამსხვილებაზე, რასაც ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა მოჰყვება. ეს აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, მოსახლეობისთვის შემოსავლების გაზრდაზე“, – განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, „ა“ კლასის ვარსკვლავები ყველაზე უფრო წინ ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხს აყენებენ.
„ის, რომ ასეთი დონის ვარსკვლავები ამ ქვეყანაში ჩამოდიან, არის სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოა, სტაბილურია, მზადაა, როგორც ინტელექტუალური და ადამიანური რესურსით, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით მიიღოს ასეთი მასშტაბური პროექტები. ეს არის ძალიან სერიოზული ტექნიკური აღჭურვილობა, სერიოზული ინფრასტრუქტურული მომზადება, სერიოზული პირობების დაკმაყოფილება, რომელიც ამ ვარსკვლევების მოთხოვნებს მოჰყვება. ანუ ეს არის მაჩვენებელი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ გამოცდილებით, ინფრასტრუქტურით, სტაბილურობით და უსაფრთხოებით ეს ქვეყნაა მზადაა, რომ მიიღოს უმაღლესი დონის ვარსკვლავები და შესაბამისად, ეს ასევე არის გზავნილი ინვესტორებისთვის და არა მხოლოდ ტურისტული სააგენტოებისთვის და ზოგადად ტურისტებისთვის“, – განაცხადა გიორგაძემ.
როგორც მინისტრმა განმარტა, ის თუ კონკრეტულად რა საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯება აღნიშნული პროექტისთვის, ამაზე საუბარი Check-in Georgia -ს დასულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან იმისთვის, რომ სასპონსორო პაკეტების გაყიდვით მკვეთრად შევამციროთ ბიუჯეტზე დაწოლა“, – განაცხადა გიორგაძემ.