“ქართულმა ოცნებამ” ხალხს მისცა თავისუფლება! ახლა ჩვენ გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველი თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა! ჩვენ ამას ერთად შევძლებთ! – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს მოსახლეობას, რომელსაც რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის მტკიცე რწმენას მოსახლეობის შემართება და მხარდაჭერა აძლევს.
გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, სამეგრელოს ისტორიულ როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მეგრელები ყოველთვის ამბობდნენ თავის სიტყვას, როდესაც საქმე სამშობლოს ერთიანობას და თავისუფლებას ეხებოდა. “ჩვენი ქვეყნის ამ საამაყო კუთხემ ბევრი ღირსეული შვილი და ეროვნული გმირი გაზარდა, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას ერთიანი ქართული სახელმწიფოსთვის. თქვენ ყოველთვის ვაჟკაცურად იდექით და არ გატყდით, მიუხედავად უამრავი სისასტიკის და ძალადობისა, რომელიც გადაიტანეთ. ქედს ვიხრი თქვენი სიმტკიცისა და გამძლეობის წინაშე. მჯერა, თქვენ, მეგრელები, უდიდეს როლს შეასრულებთ ისტორიული შერიგების პროცესში. ჩვენ ხელი უნდა გავუწოდოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და ჩვენკენ შემოვატრიალოთ ისინი. ამ შერიგებით უნდა დაიწყოს საქართველოს გამთლიანება და თქვენ ხართ ამ საქმეში ჩვენი მთავარი დასაყრდენი! რადგან აფხაზეთი აქედან ძალიან ახლოა, მინდა, სწორედ სამეგრელოდან მივმართო აფხაზ ძმებს – მინდა, გჯეროდეთ, რომ ჩვენ გვინდა შერიგება, გვინდა მშვიდობა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მაგალითია რუხის რეგიონალური მნიშვნელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, და ჩვენი სურვილია, თქვენც ისარგებლოთ ამ ულტრათანამედროვე სტანდარტების კლინიკით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ღირსეულად მიგიღებთ”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა სურვილი, აფხაზ ძმებთან გადებული კიდევ ერთი ხიდი აღმოჩნდეს რუხის სავაჭრო ცენტრი.
მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა დევნილებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად ყველაფერს იღონებს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადაეცა საცხოვრებელი სახლი; 2012 წლიდან დღემდე 12 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო მუდმივი საცხოვრებელი ბინა; ზუგდიდში ვაშენებთ ბინები 2 ათასზე მეტი დევნილი ოჯახისთვის და ეს პროცესი გაგრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, სამეგრელოს უდიდეს პოტენციალსა და მისი ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ამის ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა ანაკლიის პორტი, რომლის ამოქმედება არა მარტო სამეგრელოში გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად ვითარებას, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას მისცემს სერიოზულ ბიძგს. ეს იქნება იმ მასშტაბის პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და, პირველ რიგში, სამეგრელოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახება. აქვე მინდა გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. თბილისის შემდეგ, ზუგდიდში გავხსნით ტექნოლოგიურ პარკს, რომელსაც ზუგდიდში მდებარე სამთავრობო რეზიდენცია დაეთმობა. ამით ყველაზე მეტად ახალგაზრდებიდაინტერესდებიან. ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები საკუთარი ინოვაციური იდეებითაც მივლენ და დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით დამწყებ ბიზნესს, წავახალისებთ და დავაფინანსებთ ახალ იდეებს, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენას და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ზუგდიდელი ახალგაზრდა კაცის, ნემო ჯალაღონიას მაგალითი გაიხსენა, რომელსაც პირადად სტუმრობდა.
“ჩემი თვალით ვნახე, რა შეუძლია მონდომებას, მიზანდასახულობას და სახელმწიფოს ხელშეწყობას ერთად. ნემოს ოცნებად ჰქონდა პატარა საამქრო ხის ნაკეთობების დასამზადებლად, რაშიც დაოსტატებული იყო, და მას ეს ოცნება აუხდა. მან სახელმწიფოსგან მიიღო დაფინანსება და საჭირო დაზგები შეიძინა. ნემო 21 წლისაა, ჯერ სულ ახალგაზრდაა და უკვე აქვს საკუთარი საქმე, მცირე ბიზნესი, ნაწარმი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია, და, რაც მთავარია, აქვს საკუთარი შემოსავალი. ეს არის სახელმწიფოს ხელშეწყობისა და მეწარმეობის სულისკვეთების თანხვედრა. და ჩვენც ეს გვინდა – რაც შეიძლება მეტი ასეთი ახალგაზრდა, და არა მარტო ახალგაზრდა, იწყებდეს და წარმატებულად უძღვებოდეს თავის საქმეს. ამიტომაც, ჩვენ განათლების სისტემის შეცვლას ვაპირებთ ისე, რომ ახალგაზრდები ისეთ პროფესიებს დაეუფლონ, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარი შემოსავალი ყველას ჰქონდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს, გაუმკლავდეს სირთულეებს, გააუმჯობესოს ცხოვრების დონე, რომ ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ ყველა სიკეთე.
“ჩვენ ყველა წამოწყებას და პროგრამას გავაგრძელებთ და დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს!”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი – მერაბ ქვარაია. იგი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზუგდიდელია, მას ყველა კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის ქალაქის პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელებს მისი სახით საიმედო დასაყრდენი ეყოლებათ პარლამენტში.
ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ედიშერ თოლორაიას. იგი გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია, ახალგაზრდა და ენერგიული კაცია. დარწმუნებული ვარ, ასევე ენერგიულად გააგრძელებს ზუგდიდელების ინტერესის დაცვას პარლამენტში.
წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს გოგა გულორდავას. გოგა გახლავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით ისიც იურისტია. მჯერა, რომ გოგა ძალ-ღონეს არ დაიშურებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტამდე მიიტანოს წალენჯიხელების და ჩხოროწყუელების სათქმელი, პრობლემები და აუცილებლად გადაწყვეტს ყველა ამ პრობლემას.
ხობს მაჟორიტარობის კანდიდატად ეყოლება გოდერძი ბუკია. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, იგი გახლავთ გამოცდილი პარლამენტარი და რა თქმა უნდა, ბატონი გოდერძი არის თავისი კუთხის ნამდვილი პატრიოტი და დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ხობელებს.
სენაკის მაჟორიტარად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს ირაკლი ბერაიას. ირაკლი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი, განათლება მიღებული აქვს ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, საერთაშორისო დიპლომატიის მაგისტრის წოდებით. იგი მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების დეპარტამენტის დირექტორად. ირაკლი დღეს უძღვება გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფს ცენტრალური ხელისუფლებიდან, იგი ამ კუთხითაც ცნობილია. ის საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი ადამიანია.
მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ოთარ დანელია. ოთარსაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. იგი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, განახორციელა არაერთი წარმატებული რეფორმა. ოთარი წარმოშობით მარტვილელია, თავისი კუთხის პატრიოტია და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს როგორც მარტვილელების, ისე აბაშელების ინტერესების დასაცავად. ძნელია, შეელიო ასეთ მინისტრს.
ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ირაკლი ხახუბია. ბატონი ირაკლი ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. ის არის წარმატებული ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.
გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” კანდიდატებს გამარჯვება უსურვა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულად მიიტანენ ჩვენი პარტიის, ,,ქართული ოცნების“ სათქმელს თითოეულ ამომრჩევლამდე, ისინი იქნებიან შეუპოვარნი, საარჩევნო ბრძოლაში და აუცილებლად გაიმარჯვებენ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ამით ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ზუგდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ახლა ჩვენ გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება
23/07/2016