სოფელ ბიწმენდში ახატნის ხევის ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მათი განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება. ასევე, სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ წინამძღვრიანთკარშიც იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე წელს შიდასაუბნო გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობა დასრულდა. პროექტით გათვალისწინებული იყო სამაჩაბლოდან დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ეზოს რეაბილიტაცია და ამავე კორპუსისკენ მისასვლელი გზის მოასფალტება.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის მხარის მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხებით, ჯამში 18 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
ახატნის ხევის ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
01/08/2023