სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, დღეს ახალციხის ციხეზე „კარტოფილის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალში აგრარული დარგით დაინტერესებული პირები და მეწარმეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი დაესწრნენ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კარტოფილის უხვმოსავლიან და ახალ სათესლე ჯიშებს, გაიმართა პრეზენტაციები, სადაც ძირითადი აქცენტები გაკეთდა დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და სიახლეების დანერგვაზე. აღინიშნა, რომ კარტოფილის კულტურა ერთ-ერთი წამყვანია სოფლის მეურნეობაში, რომელსაც განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქცია იქნას წარმოებული. ფესტივალი, რომელიც მეკარტოფილეობის დარგის პოპულარიზაციას და ფერმერების წახალისებას ისახავს მიზნად კომპანია „Concierge Tbilisi“-ს ორგანიზებითა და „USAID საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.
ახალციხის ციხეზე „კარტოფილის ფესტივალი“ გაიმართა
08/10/2021