ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
ქალაქ ახალციხეში, იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატის, ქ.ახალციხის მერიის, ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა და ახალციხის რაიონულმა პროკურორმა დავით ჯინჭველაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის „ადგილობრივი საბჭო“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.
ადგილობრივი საკოორდინაციო ორგანო „ადგილობრივი საბჭო“ რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წევრები არიან გაწევრიანებული. პროექტის მიზანია რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რეგიონში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ პრეზენტაცია გაიმართა
26/09/2016