თბილისის განვითარების ფონდის პროექტ “ახალი ტფილისის” I ეტაპის სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე უკვე 4 თვეა მიმდინარეობს. მარჯანიშვილის მოედნიდან -ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში 47 შენობას რეაბილიტაცია, რესტავრაცია და სრული გამაგრება უტარდება. სახლების ძირითად ნაწილზე უკვე გამოცვლილია ძველი სახურავები. სარესტავრაციო საამქროებში ფასადების დეკორატიული დეტალების დიდი ნაწილის აღდგენა დასრულდა და მათი ფასადებზე დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.
ასევე, იცვლება ვიტრაჟები, კარ-ფანჯარა და ძველი ისტორიული ჭიშკრები. შიდა ეზოს მხრიდან შუშაბანდები, ჭვირული ხის და ლითონის აივნები ავთენტური სახითაა აღდგენილი.
აღმაშენებლის 22 – ში მდებარე შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, სახლის დემონტაჟი მოხდა და იგივე პროექტის მიხედვით ახალი საცხოვრებელი სახლი შენდება.
გარდა შენობების რეაბილიტაციისა, დავით აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთში მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
სანიაღვრე, კანალიზაციის და სადრენაჟე სისისტემების მოწყობა რომის ქუჩის მონაკვეთზე უკვე დასრულებულია. ახალი სასმელი წყლის სისტემები მოეწყო ჭოროხის ქუჩიდან – აბაშიძის ქუჩის მიმართულებით. ჭოროხის და კიევის ქუჩების კვეთაზე დამონტაჟდა ახალი სადრენაჟე, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები.
დღეის მდგომარეობით, რომის ქუჩიდან – ზაარბრუკენის მიმართულებით იცვლება საკანალიზაციო ქსელი, ეწყობა ახალი სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები. რომის ქუჩიდან ფოსტის შენობის მიმართულებით და ჭოროხის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით, იცვლება საკანალიზაციო ქსელები და ეწყობა ახალი სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები.
საინჟინრო -საკომუნიკაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის გამზირზე ქუჩის კეთილმოწყობისა და განახლების სამუშაოები დაიწყება.
დავით აღმაშენებლის გამზირზე 300 – ზე მეტი ბინათმესაკუთრეა, რომელთა უმეტესი ნაწილი რეაბილიტაციის დასრულებამდე თბილისის განვითარების ფონდმა დროებით ბინის ქირით უზრუნველყო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბინათმესაკუთრეთა პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.
პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის რეაბილიტაციის ფარგლებში 1200-მდე ადამიანი დასაქმდა.
სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.