სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო / psda თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართეს და ხელი მოაწერეს საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის შექმნის ხელშეკრულებას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ფლოტის შექმნა, რეგისტრაციის პირობების დახვეწა და მაღალი ტექნიკური სტანდარტების შენარჩუნება წარმოადგენს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემის შექმნის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობების გაუმჯობესებას, ახალი გემების მოზიდვასა და მათზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას.
აღნიშნული ინოვაციური სერვისის დანერგვით ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის მოპოვება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ ყველა გემზე, გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება, დაინერგება ელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდიდან გემზე საქართველოს სახელმწიფოს სახელით გაცემული მოწმობების დამოწმება (ონლაინ ვერიფიკაცია) მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რაც შეამცირებს საქართველოს გემების ინსპექტირების დროს და შექმნის გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველ ეფექტურ მექანიზმებს.
ზემოაღნიშნული სერვისის საშუალებით სააგენტოს მიერ აღიარებულ აგენტებს, შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ უცხო ქვეყნის გემების პირველადი (დროებითი) რეგისტრაცია საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონულ რეესტრში მსოფლიოს ნებისმიერი წეტილიდან.
აღსანიშნია, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა 2012 წლიდან დაიწყო. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და შესაბამისი დოკუმენტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში. ამის ნათელი მაგალითს ამ ორი სააგენტოს ერთობლივი „მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ პროექტი წარმოადგენს, რის საფუზველზეც ქართველ მეზღვაურებზე სრულიად ახლებური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებული პასპორტები და კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატები გაიცემა.