ახალი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, არის მნიშვნელოვანი სტიმული, რომ რეგიონებში მეწარმეობა განვითარდეს

27/12/2021

საქართველოს ვიცეპრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხ რეგიონში – იმერეთი, კახეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, მცირე და საშუალო საწარმოების და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყოს. საპილოტე რეგიონები შეირჩა ევროკავშირთან ერთად და ძირითადი დაფინანსებაც ევროკავშირის მხრიდან მოხდება.

„ეს არის ოთხი რეგიონი, სადაც განხორციელდება პროგრამა და მოხდება მნიშვნელოვანი ფინანსური ხელშეწყობა იმ ეკონომიკური ინიციატივების, რომელიც იქნება აქ არსებულ საწარმოების გაფართოების ან ახალი საწარმოების შექმნისთვის. რა თქმა უნდა, პროგრამა თანხვედრაშია ჩვენი რეგიონული განვითარების ხედვასთან და სტრატეგიასთან. პროგრამის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში – ჩვენ ვახდენთ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით დახმარებას. პროგრამით განსაზღვრულია 300 ათასი ლარიდან მილიონამდე სესხების პროცენტის თანადაფინანსება ორი წლის ვადით. პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ შერჩეულ რეგიონებში მოხდეს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების ხელშეწყობა, ვინაიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვადასხვა პროექტით ახორციელებს პირველადი წარმოების მხარდაჭერას. ახალი პროექტი ითვალისწინებს ახალი საწარმოების შექმნასა და არსებული საწარმოების გაფართოება-მოდერნიზაციის ფინანსურ მხარდაჭერას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0