„არსებობს ტოლობის ნიშანი ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, სტარტაპებს და ჩვენს მომავალს შორის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიალზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცერემონიალზე, სადაც პროგრამის 20 გამარჯვებული გამოვლინდა, არჩილ თალაკვაძემ სააგენტოს საქმიანობის, სტარტაპებისა და ინოვაციური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა.
„მნიშვნელოვანია, შევქმნათ პოზიტიური დღის წესრიგი და უკეთესი მომავალი, სადაც საქართველოს აქვს ახალი, ძლიერი და ინკლუზიური ეკონომიკა, სადაც შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის, სადაც იდეებს, პროექტებს და ინიციატივებს აქვს გასაქანი და სივრცე, უსმენენ, აფინანსებენ და ახორციელებენ, სადაც წარმატებებს აქვს მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ საქმე, რომელსაც აკეთებს ეს სააგენტო განუზომელად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის. საქართველოს ყოველთვის სჯეროდა, რომ მომავალი მისია. ჩვენთვის ყოველთვის ვამბობდით, რომ მომავალი ჩვენია და ამ სიტყვების უკან, თავდაჯერებულობასთან, ტრადიციებთან, ისტორიასა და კულტურასთან ერთად დგას ის, რასაც თქვენ აკეთებთ – ექსპერიმენტები, იდეების შეჯიბრი, რწმენა, რომ სწორედ თქვენი იდეები და ინიციატივები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ახალი პოლიტიკური კლასისა და საჯარო მოხელეთა ახალი თაობის ჩამოყალიბებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესის ახალი თაობის ჩამოყალიბება, რომელიც სწორედ ექსპერიმენტების, ინოვაციური პროექტებისა და სტარტაპების წარმოების პროცესში იბადება. არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებაც, რომელსაც სახელმწიფო თაობებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის დგამს. მისი განმარტებით, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მშპ-ს 6% -ის განათლების სფეროში ინვესტირება. როგორც სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინოვაციების მხარდაჭერა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტია. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებულ კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება და ხელისუფლების სახელით, მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, დღეს, როდესაც საქართველო მსოფლიო ბაზრებზე ახდენს ინტეგრაციას, სადაც პროდუქტებსა და სერვისებს შორის მაღალი კონკურენციაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და პროცესში მათ მონაწილეობას ენიჭება.
„საქართველოს მტკიცე და პრინციპული არჩევანია დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, სადაც სწორედ ინოვაციების და განვითარების, თანაბარი შესაძლებლობების, ახალგაზრდული პოლიტიკის და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენს ძვირფას დროს ხარჯავთ საქართველოში, რომელსაც ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი. მჯერა, რომ ერთად ვქმნით მომენტს, როდესაც საქართველო მომავალში შეძლებს, რომ უკვე თავად გახდეს იმ იდეების, პროგრესის მატარებელი და გამავრცელებელი, რომელსაც თქვენ გვიზიარებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ გამარჯვებულ სტარტაპერებს კიდევ ერთხელ მიულოცა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. არჩილ თალაკვაძის თქმით, „ეს არის თაობა, რომელიც საუკეთესოა“.