მთავრობის შემადგენლობას დღის ბოლოს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ განუცხადა. პატარიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მთავრობის წევრების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარიძე 12 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩია. სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა 9 დეპუტატი.
“ჩემი ინფორმაციით, შეიძლება ორი ან სამი მინისტრი ვიხილოთ ძველი. მათ შორის, გიორგი თავამაიშვილი, ნუგზარ სურმანიძე და ზაურ ფუტკარაძე. დავით ბალაძეს ჩვენ ახალ მთავრობაში ვერ ვიხილავთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარია ორთვიან მმართველობაზე ” , – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპროტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი მასალკინმა.