აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა კურორტ გომარდულზე გაიმართა

25/01/2019

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა კურორტ გომარდულზე გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ სხდომა მნიშვნელოვანი სიახლით გახსნა და აღნიშნა, რომ გომარდულს საბოლოოდ მოეხსნა ყადაღა. ინვესტორებს შეუძლიათ, დაუბრკოლებლად გააგრძელონ საქმიანობა. მომზადებულია კურორტის განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია, რომლის მიზანია გომარდული აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველად ოთხივე სეზონის განმავლობაში.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ახალგაზრდების როლზე რეგიონის განვითარების საქმეში. სამინისტროებისა და საჯარო დაწესებულებებს მომდევნო წლიდან დაევალათ ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართვა იმ პროცესებში, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.
ასევე სხდომაზე შეჯამდა 2018 წლის ციტრუსის სეზონი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო ციტრუსის ექსპორტის რეკორდული რაოდენობა და წინა წელთან შედარებით დაახლოებით 12 %-ით გაიზარდა. გადამუშავდა სამრეწველო ციტრუსი და კონცენტრატის სახით გავა ისრაელის, უკრაინის, იაპონიის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ცვლილებები განხორციელდა რიგი კომპანიის ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
აჭარაში, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად სულ გამოიყო 20 მლნ ლარი, ხოლო აჭარაში ამ მიმართულებით 2 მლნ ლარი დაიხარჯება. 5000 -10000 ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით გადანაწილდება და სოფლის მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, მათივე გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. პროექტში აჭარიდან 300-ზე მეტი სოფელია ჩართული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0