აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულება ნამდვილად წარმატებული იყო

05/12/2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს Invest in Georgia-ს 2020 – 2023 წლების ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გაწეული სამუშაო შეაფასა და ზოგადად ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ სურათსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

„აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულება ნამდვილად წარმატებული იყო, 2020-2023 წლების სტრატეგია კი ნამდვილად შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ინვესტიციების მოზიდვაა. ზოგადად, ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული როლი აქვს“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

Invest in Georgia-ს 2020 – 2023 წლების ანგარიშის პრეზენტაცია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საინვესტიციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით – 2022 წელს მათმა მოცულობამ 2.098 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს პოზიტიური დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება – პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული იყო უცხოური ინვესტიციების როგორც სექტორული სურათი, ისე გეოგრაფია.

„ბევრი სპეკულაციის მიუხედავად, ჩვენი ინვესტიციების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია და ის ერთ ქვეყანასთან არ არის დაკავშირებული. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 50%-მდე, ანუ თითქმის ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, შემდგომში არის ამერიკის შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, ასევე „აწარმოე საქართველოს“ Invest in Georgia-ს გუნდის დამსახურება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რომ სამინისტროს საინვესტიციო საქმიანობა და 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელება წარმატებული იყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გაწეული სამუშაოს ეფექტიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ოპერირება დაიწყეს უმსხვილესმა საერთაშორისო კორპორაციებმა, როგორიცაა – ქიმიური წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Indorama, მსხვილი ენერგო კომპანიები – TEPCO, MASDAR და სხვები. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესშია რამდენიმე მსხვილი კომპანია.
ვიცე-პრემიერის პროგნოზით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა მომავალშიც ასევე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0