აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, მას საქართველოში დემოკრატიისა და დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი

30/03/2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სტუმრობდა. საიუბლეო თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის ახალ მუზეუმში ელჩმა შეხვედრა ქვემო ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართა. ღონისძიებას ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და სამოქალაქო საზოგადოების წარმოადგენლები ესწრებოდნენ. დავით შერაზადიშვილმა ელჩს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროცესში ამერიკული მხარის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ბოლნისური ღვინოები და ბოლნისის მუზეუმში დაცული ელინისტური ხანის არტეფაქტის, თიხის დოქის ასლი გადასცა.

„მოხარული ვარ, რომ ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, მას საქართველოში დემოკრატიისა და დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ადგილობრივი თვითმმართველობები განსაკუთრებით ვგრძნობთ ამერიკული მხარის მხარდაჭერას, რომელიც სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში გამოიხატება. ქალბატონ ელჩს ამ თანადგომისთვის მადლობა პირადად გადავუხადე“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0