აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

09/09/2017

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იყვნენ, ხოლო აშშ-ის მხარეს სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის მოქმედი მოადგილე ლორა კუპერი წარმოადგენდნენ. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობის საკითხები, საერთაშორისო ტერორიზმის დასამარცხებლად აშშ-საქართველოს მიერ გაწეული კოორდინირებული ქმედებები, რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მკაფიო მხარდაჭერა. მხარეებმა საქართველოში გახშირებულ ხანძრებთან ბრძოლაში აშშ-ის სამომავლო მხარდაჭერის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს თავდაცვის სფეროში ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა გააცნო. ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმები წარმატებით ხორციელდება და ქართულ მხარეს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, პარტნიორებმა მომავალში მყარი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0