აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

01/05/2018

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელი, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ახალგორის რაიონის სოფ. ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვეს მიტჩელს ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ გამოწვევასა და საფრთხეების შესახებ, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ესაუბრნენ იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით და სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვეს მიტჩელი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სხვა მაღალი დონის შეხვედრებიც გამართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0