შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა:
“თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას.
მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”.